გრიგოლ ვაშაძე - ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების არ შეშვების

ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს მლოცველები და მთელი ქალაქი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ქორწილს „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, სვეტიცხოველი ყველას ეკუთვნის და ამდენი წლის განმავლობაში არ დაკეტილა.

„აღარასოდეს უნდა განმეორდეს ის, რაც ვიხილეთ გუშინ. ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა კრიმინალებმა შექმნეს მოძალადე „ხელისუფლება“. ხელისუფლება არ არის ის, რომელიც თავს ესხმის შვილმოკლულ მამებს და ეუბნება - კონსტიტუციური უფლება უნდა შეგიზღუდოთ შეკრების და შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას რომ შეეხება. ამ დროს ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს მლოცველები და მთელი ქალაქი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმზე. გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის, ჩვენი სამშობლოა. სვეტიცხოველი ყველას ეკუთვნის, არ დაკეტილა ამდენი წლის განმავლობაში. ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების არ შეშვების, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს. ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს ფეოდალიზმია. არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარიულ ბანკში. სვეტიცხოველი და მცხეთა უკუთვნის ყველას, ევაკუაცია თუ გნებავთ, გაუკეთეთ თქვენს პირად სახლს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებენ.  "ფაქსნიუსის" ინფორმაციით, ტურისები სხვადასხვა ქვეყნებიდან ტაძრიდან გამოიყვანეს და მოგვიანებით ტაძარი ვიზიტორებისთვის დახურეს. კვირა დღეს კი სვეტიცხოველს ასობით ტურისტი სტუმრობს.

ამასთან, ჯვრისწერის ცერემონიისთვის სვეტიცხოვლის ტაძრის ცენტრში დაბრძანებული საპატრიარქო კათედრა აიღეს.