რუსული მაიონეზის რეკლამაში მონაწილეობისთვის სამთავრობო PR-ების გადადგომას ითხოვენ

ქართულმა ჟურნალმა City Magazine-მა თავის ვებსაიტსა და ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია და ფოტოები რუსულ მაიონეზ “სლობოდას” შესახებ, რომელშიც რამდენიმე საჯარო მოხელე მონაწილეობს.

სარეკლამო ფოტოებზე აღბეჭდილ პირებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო თოლორდავა, შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო თოლორდავას თქმით, მან გადაღების დროს გაიგო, რომ მაიონეზის რეკლამაში იღებდა მონაწილეობას. მაიონეზი უკრაინული ეგონა. ის ამბობს, რომ "რუსულ პროდუქტს არც კი ყიდულობს".

"მე არ მინდოდა მაიონეზის რეკლამაში მონაწილეობა", — ამბობს On.ge-სთან საუბრისას ნინო თოლორდავა, მაგრამ არ პასუხობს კითხვას, დათანხმდა თუ არა რეკლამაში მონაწილეობას მეგობრის გამო.

"მეგობრის ხათრით? — რა საოცარ შეკითხვას სვამთ", — თქვა მან და შეხვედრაზე შესვლის მიზეზით საუბარი შეწყვიტა.

იმის შესახებ, რომ არ იცოდა სარეკლამო ფოტოსესიაში მონაწილეობის შესახებ, ასევე საუბრობს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე. ნეტგაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში ის განმარტავს, რომ  “სლობოდას” რუსული წარმომავლობის შესახებ არც თავად იცოდა.

დავით მეგრელიშვილი რეკლამაში მონაწილე საჯარო პირებს გადადგომისკენ მოუწოდებს.

"ქალბატონებო, პატივი დასდეთ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს და თქვენი ნებით დატოვეთ თანამდებობა. მორალური პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რომ ასე მოიქცეთ . გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ საჯარო პირების და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონებიც დაარღვიეთ" - აცხადებს მეგრელიშვილი.

ამ საკითმა "ფეისბუქში" აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, სოციალური ქსელიდან.

" სლობოდა ჩინური სიტყვა ეგონათ და რომ ქართულად მაიონეზს ნიშნავს?" -წერს სოფო ვასაძე.

"PR-გენიოსები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან ხელფასს" - თემურ იობაშვილი.

რეკლამაში მონაწილეობის შესახებ განმარტება გააკეთა City Magazine მარკეტინგის წარმომადგენელმა მაიკო წერეთელმა.

"მოკლედ, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი, რადგან ქართული მედია ინდუსტრიის ცივილური მომავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და იმ კომპანიისთვის, რომელმაც ამ საქმეს არა ერთი და ორი წელი შეწირა. მედიისა და ქვეყნის განვითარება ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან: 
მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ სხვადასხვა პროდუქტი ცნობილ სახეს იყენებს სარეკლამოდ; ცნობილი სახე ამაში იღებს ანაზღაურებას; მედია არხი, რომელიც არეკლამებს პროდუქტს, ისიც იღებს ანაზღაურებას.
მგონი, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ეს არ გვაქვს გააზრებული და თავსაც ვიტყუებთ, დამკვეთსაც და მომხმარებელსაც ვატყუებთ, როცა შესაძლებელია ყველაფერი გამჭირვალე და ხარისხიანი იყოს! ძალიან უსიამოვნო იქნებოდა ის ფაქტი, თუ ცნობილმა სახეებმა არ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას. მათ სრული უფლება ქონდათ, რომ თუნდაც გადაღებაზე მისულებს, უარი ეთქვათ პროდუქტის რეკლამირებაზე. და ბოლოს, დაქალ-ძმაკაცობა კარგია, მაგრამ მეტი საქმიანი მიდგომა – უკეთესი" დაწერა წერთელა ფეისბუქზე.