საკონსტიტუციომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს გააუქმა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღო.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

შესაბამისად, საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა აქვთ.