ელეონორა ერთ-ერთი პირველი პარლამენტარი ქალი საქართველოში

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა - მახვილაძისა, ერთ-ერთი პირველი პარლამენტარი ქალი საქართველოში

ელეონორა 1875 წელს დაბადებულა. 1902 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის მოვლენებში. 1908 წელს დააპატიმრა მეფის რუსეთმა.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვას მამა, ეთნიკურად სომეხი, თბილისის საპატიო მოქალაქე იყო, დედა კი ეთნიკურად გერმანელი, გვარად ბარტოლდი ყოფილა. ისინი ვერაზე, დღევანდელი პეტრიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ.

1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატების სიით ელეონორა ტერ-ფარსეგოვა დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

1921 წლიდან, მას შემდეგ რაც კომუნისტურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო, ელეონორა ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება საქართველოს გასათავისუფლებლად. 1926 წელს საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე დააპატიმრა და გადაასახლა, საიდანაც, გადმოცემების მიხედვით, დიდად დასნეულებული დაბრუნებულა 1930-იანებში და გარკვეული პერიოდი პედაგოგადაც უმუშავია.

გარდაცვალების თარიღი და ბევრი დეტალი მისი ცხოვრებიდან კვლავაც უცნობია.

მასალა მომზადებულია ეროვნულ არქივზე დაყრდნობით.