მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

პარი-ხანუმ სოფიევი (ფერი-ხანუმ სოფიევა) 34 წლისა იყო, როდესაც 1918 წელს თვითმმართველობის (მაშინდელი ერობის) არჩევნებში თბილისის მაზრის ყარაიაზის (დღევანდელი გარდაბანი) ოლქიდან აირჩიეს. 34 წლის ყარაჯალელმა უპარტიო ქალმა ყველა კანდიდატს აჯობა და ყარაიაზის ხმოსანი გახდა თბილისის მაზრაში. მას დღემდე მოიხსენიებენ "ყარაიაზის მატრიარქად".

 ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სოფიევის ოჯახს მძიმე ბედი ერგო. პარი-ხანუმის სამი ძმა 30-იანებში დახვრიტეს. ყარაიაზის მატრიარქს ამის შემდეგ ძმიშვილების აღზრდა დაუსახავს ცხოვრების მიზნად. 1951-ში მისი ძმისშვილი დაუპატიმრებიათ კომუნისტებს, პარი ხანუმს ეს ვერ გადაუტანია და გარდაცვლილა.

პარი ხანუმი მაინცდამაინც ვერ ჯდებოდა საზოგადოებისაგან მოთხოვნილ ქალის ტრადიციულ როლში, ამბობენ, სულ აბოლებდა ჩიბუხსო, რაც არათუ ასი წლის წინ, დღესაც მიუღებელი იქნებოდა ბევრისთვის. სცოდნია ყურანის კითხვა. თანასოფლელები სწორედ მას მიაწერენ, ყარაჯალას რომ რკინიგზაზე სადგური აქვს.

 ყარაიაზის მატრიარქის, პერი ხანუმ სოფიევის ამბის გაცოცხლებისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს. პირველმა მან ივარაუდა, რომ ფერი-ხანუმ სოფიევი შესაძლოა პირველი არჩეული მუსლიმი ქალი ყოფილიყო მსოფლიოში. სწორედ ირაკლის და კოლეგა მკვლევრების დამსახურებაა, რომ მშობლიურ ყარაჯალაში გასულ ზაფხულს ამ გამორჩეულ ქალს მემორიალი გაუხსნეს.

მასალა მომზადებულია ეროვნულ არქივზე დაყრდნობით.