რუსთავში მამაკაცმა ძმის შვილი მოკლა - მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

რუსთავში, 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი მოკლა.  შემთხვევა დილის 10 საათზე მე-8 მიკრორაიონში მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

ინფო რუსთავის ცნობით,  მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 13 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამაკაცს, ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.   ფსიქიატრიულში თანხის გადაუხდელობის გამო არ დაიტოვეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა.

მეგობრები ყვებიან, რომ მათ მამაკაცი გუშინვე თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 000 არის გადახდა მოსთხოვეს. 

მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს.

"რომ ვნახეთ, რომ არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა კლინიკა რუსთავში. როდესაც მივიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაშ ადასხმა გაუკეთეს, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში ფსიქიატრიულში.  ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა," - აცხადებს მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობარი.

29 წლის მამაკაცის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ საავადმყოფოში მსგავსი ქმედების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობა დაუსახელეს. 

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ექიმებმა გვიან ღამით, დაკითხვის დასრულების შემდეგ მიიღეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი აცხადებს, ის სავარაუდოდ მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. 

"დაცვის მხარის მიერ არანაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ არის. თუკი ვინმეს საკითხი გამოიკვეთება,რომ ვინმეს გულგრილობით მოხდა ეს ფაქტი, რეაგირება დაცვის მხარეს გვექნება", - აღნიშნა დალაქიშვილმა.