ქართული ფემინიზმის სათავეებთან - კატო მიქელაძე, ქარიშხალი და ბობოქარი ზღვა

მასზე დაუწერიათ, თუ შეიძლება ადამიანი ქარიშხალს ან ბობოქარ ზღვას შევადაროთ, ასეთი უთუოდ სორბონადან სამშობლოში დაბრუნებული კატო მიქელაძე იყოო - ქართველი რევოლუციონერი, ფემინისტი, პუბლიცისტი, პოეტი და განმანათლებელი ქალი.

 კატო 1878 წელს დაიბადა კულაშში, ქუთაისის მაზრაში. ბავშვობაში ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე გამზრდელი ნათლია, ამიტომაც ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელიც კი ვერ დაამთავრა. მაგრამ შემართებამ კატო სასწავლებლად ჯერ თბილისში, წაიყვანა, სადაც საბებიო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში.

1903-4 წლებში ცხინვალში ცხოვრებისას დაუახლოვდა მესამედასელებს და ჩაერთო არალეგალურ, რევოლუციურ საქმიანობაში. 
მოგვიანებით სასწავლებლად რუსეთს, შვეიცარიას, ბელგიასა და ბოლოს პარიზს მიაშურა, სადაც 1915 წლამდე დარჩა.

სამშობლოში დაბრუნებულმა კატომ დასავლეთ საქართველოს ფემინისტებს მოუყარა თავი და "ქალთა ლიგა" ჩამოაყალიბა. 1917-18 წლებში კატოს რედაქტორობით ქუთაისში გამოდიოდა გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა", რომელიც ფემინისტურ ხედვას სთავაზობდა საზოგადოებას მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ამბებზე.

ქალებო გაერთიანდით თქვენი უფლებებისთვისო, წერდა გაზეთი. კატო პირველ რიგში ქალებს მოუწოდებდა გააქტიურებისაკენ და კიცხავდა იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცებისაგან ელოდნენ პრობლემების გადაწყვეტას. ასეთი ქალებიო, წერდა კატო, წააგვანან იმ გულუბრყვილო ბავშვებს, რომლებსაც რამე შეწუხების დროს უფროსები ეუბნებიან: შენ ოღონდ არ იტირო და მე ბზრიალას მოგიტანო, – და ისინიც უჯერებენ და ელოდებიან დაპირებულ საჩუქარსო”.
 კატოს არც ის უჭირდა, დაუნდობლად ეპოლემიკა პოლიტიკოს კაცებთან, რომლებიც სიტყვით და არა საქმით ემხრობოდნენ ქალების თანასწორობას.

„უფლებიანი დედაკაცები მარსზე და იუპიტერზე ცხოვრებას არ აპირებენ, რომ იქ წაიღონ და გაფლანგონ დედამიწაზე აღებული ხელფასი და მით შეავიწროვონ ცხოვრება მამაკაცებისა” - ამბობდა კატო და დასძენდა, საზოგადოებრივად აქტიური ქალი და გონიერი მებრძოლი დედა გონიერ შვილსაც გაზრდისო.

1942 წელს გარდაიცვალა. დღეს მისი საფლავი დაკარგულია, თუმცა მისი ერთ დროს დიდი სახელი ნელ-ნელა ისევ უბრუნდება დღის სინათლეს.