მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საქართველოდან მიდის

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საქართველოდან მიდის,  ამის შესახებ დათუნაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა მას გადაწყვეტილი აქვს რომ უცხო ქვეყნის სახელით იასპარეზოს „ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.