სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, არ ადასტურებს.

სუს-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით,  არ დასტურდება ის ფაქტი, რომ  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება  ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.