ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძესა და  ქართული ოცნების წევრ ირაკლი ბერაიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კახიძემ ბერაისას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტი მხოლოდ კითხვების დასმას ითვალისწინებდა და არა გამოხმაურებას.

დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.

უფრო მანამდე ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს მეტი სიდინჯისა და ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მსურველი კანდიდატების გამწესებისა და შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განიხილავენ, ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა. ამიტომ თუ დროს დამაკარგინებ, უფრო მეტი დრო დაიკარგება. დავით, დამშვიდდი და დამაცადე! კომიტეტს კიდევ 5 კვირა აქვს განხილვებისთვის და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ და ცოტა მეტ სიდინჯეს გამოიჩენთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ნებისყოფა გეყოფა, რომ მომისმინო. სამჯერ თუ ოთხჯერ შემაწყვეტინე და ხელს ნუ მიშლი! დინჯად მოისმინე კითხვები. არ გაინტერესებთ მაგრამ საჭიროა, ვიღაცას აინტერესებს და ის მოისმენს“, - მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.
„კომიტეტი მიჰყავს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მისი მოვალეობის შემსრულებელს, ის განსაზღვრავს რეგლამენტს და აძლევს სიტყვას მომხსენებელს, გისმენთ,“-მიმართა ბესელიას მათიკაშვილმა.

ბესელიამ კი მას მეტი სიმშვიდისა და სიდინჯისკენ მოუწოდა და ურჩია ჭკუის სწავლებისთვის თავი დაენებებინა.