საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები

„საქსტატი“ 2018 წლის IV კვარტლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 61,1 ლარითაა გაზრდილი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 1202 ლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი); მშენებლობა - 1956.4 ლა რი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი); საფინანსო და სადა ზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი).

გამოქვეყნებული მონაცემებით,  2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების - 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მათივე ცნობით, 2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი).

„2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38.6 ლარით და 1012.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მონაცემებში.