ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ "ფაქსინტერნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, შემთხვევა 19 მარტს მოხდა. 

19 მარტს, ოზურგეთის რაიონის  სოფელ  ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრმა საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს  და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს შსს-ში