„საბავშვო ფესტივალზე მიმავალი 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი“ - ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს. ჯგუფის წევრების ახლობლების განცხადებით, ამჟამად ისინი სადეპორტაციო განყოფილებაში არიან გადაყვანილი, მათ შორის 5 ბავშვია.

როგორც "ფაქსინტერნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ "გორდა"-ს 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების თაობაზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.

"ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე. თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია myway, რომლის მეშვეობით ისინი ჩავიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 სთ-ზე.  

საქართველოს კონსული გაემგზავრა აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად. ასევე კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და თხოვა განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე", - ამბობენ საგარეო უწყებაში.