პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ტრაგედია რომელიც ჩვენს თვალწინ დატრიალდა

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა.  ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ამ დროისთვის პარიზის ღვმთისშობლის ტაძართან იმყოფება "ტვიტერში" შეტყობინებას ავრცელებს.

„ ნოტერ დამის ტაძარი იწვის. ეს ძალიან ემოციურია მთელი ერისთვის. იფიქრეთ კათოლიკეებზე და ყველა ფრანგზე. როგორც ყველა ფრანგი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ალშია გახვეული“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს, ტვიტერით ეხმაურება. 

" რა საშინელებაა, პარიზში ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში მასიური ცეცხლის ყურება. იქნებ, მფრინავი წყლის ავზები იქნას გამოყენებული მის ჩასაქრობად. საჭიროა სწრაფად მოქმედება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ღვთისმშობლის ტაძრის ჰაერიდან ვერტფრენის დახმარებით ჩაქრობა, მთლიანად ტაძრის ნგრევას გამოიწვევს - ამის შესახებ პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ფრანცპრესი" აქვეყნებს. 

მათივე ინფორმაციით, ტაძრის ნგრევის დიდი რისკის გამო, მეხანძრე-მაშველები, ალის ჩაქრობას, "ნოტერდამის" მოედნიდან და მიმდებარე ქუჩებიდან ეცდებიან.

ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სპეციალურ საცავშია და მას არაფერი ემუქრება. - ამის შესახებ "ფიგაროს" პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პრეს-სამსახურის უფროსმა ანდრე ფინომ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, სხვა ქრისტიანული სიწმინდებიც დაცულია სპეციალურ საცავში, რომელსაც ხანძარი ვერ დააზიანებდა. 

ტაძარის აღდგენას ათწლეულები დაჭირდება. - ამის შესახებ რესტავრატორები და მეცნიერები აცხადებენ. აკადემიკოს ალექსი ლიდოვის განცხადებით, თუკი კედლები გადარჩა და შიდა ინტერიერი შემორჩა, ტაძრის სრულ აღდგენას ათწლეულები დაჭირდება.

"თუკი კედლები დაინგრა, უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენს თვალწინ დაიკარგა, მსოფლიო შედევრი" - აღნიშნა აკადემიკოსმა. 

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან ერთად, ტაძრის ორი კოშკის გადარჩენა მოხერხდა. - ამის შესახებ, ტელეკომპანიაBFMTV-ს ეთერში, პარიზის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ჟანკლოდ გალემ განაცხადა.

"ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ტაძრის ორი კოშკის გადარჩენა მოვახერხეთ" - დასძინა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემნუელ მკრონმა მედიას განუცხადა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა მოხერხდა. პრეზიდენტის თქმით, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

"ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.