პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრაზე არსებულ რისკებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.

"შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი", - წერს "თბილისი პრაიდი".