ე.წ ოჯახის სიწმინდის დღეზე არ იმღერებენ ნატო მეტონიძე ნინო ქათამაძე ანსამბლი შვიდკაცა და სხვები

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

მომღერალი, ნინო ქათამაძე განმარტავს, რომ თუ პატრიარქი დაურეკავს, "ოჯახის სიწმინდის დღისთვის" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, აქვე აზუსტებს, რომ ეს ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ მოხდება. ამის შესახებ ქათამაძემ On.ge-ს განუცხადა.

"ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან რთულია, როცა პატრიარქის სახელით გელაპარაკებიან... თუ დამირეკავს პატრიარქი, მე უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ არა უმცირესობების დამცირების და არაღიარების ხარჯზე. თუ მე მომიწევს, როგორც მოქალაქეს, ოფიციალურად ამ ღონისძიებაზე სიმღერა, ეს არ მოხდება ლგბტ თემის უფლებების ხარჯზე", — განმარტავს მომღერალი.

კონცერტში ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მათ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს. „შვიდკაცას“ წევრები ამჟამად გასტროლებზე საბერძნეთში იმყოფებიან, სადაც მათ ტელეფონით დავუკავშირდით. მათი თქმით, 17 მაისს ქუთაისში აქვთ კონცერტი დაგეგმილი.

კონცერტში ნატო მეტონიძე არ მონაწილეობს. მომღერალი ამბობს, რომ ამ შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს. მისი თქმით, როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა.

ნატო მეტონიძე ამბობს, რომ კონცერტის დღეს სხვა გეგმები აქვს და ეს მისი არჩევანია.

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

მომღერლის თქმით, ამ დღეს მას ქალაქ გორში აქვს დაგეგმილი კონცერტი, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზატორებს თანხმობა უკვე მისცა. შესაბამისად, 17 მაისს თბილისში არ იქნება. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, საპატრიარქოს შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა.

17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.