თურქეთის ცესკომ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა - ევროკავშირი ახსნა-განმარტებას ითხოვს

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციითმ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საჩივარი განიხილეს. საჩივრის თანახმად, 40 000 ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მერის თანამდებობა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ეკრიმ იმამოღლუმ დაიკავა. 

სტამბოლში განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს დაინიშნა.

აღნიშნულ ფაქტს ევროკავშირი გამოეხმაურა. ევრო გაერთიანებამ თურქეთისგან სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გაავრცელეს.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკიდურესად პოლიტიზებულ კონტექსტში და ამ გადაწყვეტილების შორსმიმავალი მიზნების შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს. თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვისაც.მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სტამბოლში სამართლიან და დამოუკიდებელ გარემოში წარიმართოს, ასევე ექვემდებარებოს საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი მიიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს და ევვროკავშირის წარმომადგენლობას, რათა ისინი დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.