პირველი ქართველი ფილმის პრემიერა, რომელიც ლგბტ ურთიერთობას ეხება, კანის კინოფესტივალზე შედგება

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ახალი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ Indiewire იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს აკინის რიგით მესამე ფილმია. პირველი ფილმი "გარკვეული ადამიანები" მან 2012 წელს გამოუშვა. 

ფილმის აღწერაში ვკითხულობთ: " მოცეკვავე მერაბი პარტნიორ მარისთან ერთად, ქართული ცეკვების ანსამბლის ხელმძღვანელია. მერაბის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი გამოჩნდება. ირაკლი მერაბის ყველაზე ძლიერ მეტოქედ და ამასთანავე მოწონების ობიექტად იქცევა, კონსერვატიულ გარემოში კი მას ბევრი რისკზე წასვლა მოუწევს“. 

როგორც რეჟისორი ამბობს, აღნიშნულ ფილმზე მუშაობის დროს ის საკუთარ ქართულ ფესვებს დაუბრუნდა. მისივე თქმით, ქართველ მოცეკვავეებთან ვრცელი ინტერვიუების მეშვეობით მან დაინახა, რომ გენდერისა და სექსუალობის საკითხები მთავარ კონფლიქტს კონსერვატიულ, რელიგიურ კულტურაში წარმოშობს.

"ფილმში წარმოვაჩინე ქართველი ლგბტ ადამიანების ცხოვრება, მათი ბრძოლა და განცდები, ასევე აღვბეჭდე სიტუაცია საქართველოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ფილმი იქნება საინტერესო არა მხოლოდ მათთვის ვინც ამ პატარა სამყაროს არსებობის შესახებ არ იცის, არამედ ადამიანების შესაძლო თავისუფლების განცდებს შეუქმნის", - განაცხადა რეჟისორმა. 

მან აგრეთვე 2013 წლის 17 მაისი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფილმის გადაღება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ნახა, როგორ სცემდნენ სასულიერო პირები გარეთ გამოსულ მოქალაქეებს.