იცოდი, რომ ის გეია???

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ახლობელი რომელიც მძიმედ იყო დაავადებული ქირურგმა იხსნა სიკვდილისაგან. გადარჩენის შანსები თითქმის არ არსებობდა. ყველანი ცუდი დასასრულისთვის იყავით მზად. თქვენ სიხარულისგან ტირით და მზად ხართ ქირურგს ხელები დაუკოცნოთ. და უცებ ვიღაც ყურში ჩაგჩურჩულებთ: „იცოდი, რომ ის გეია?“ რას გრძნობთ ამ დროს? ეს რაღაცნაირად ცვლის მის დამსახურებას ან თქვენს მადლიერებას მის მიმართ?

მოდით ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ტურისტი და იმყოფებით ერთ–ერთ ცნობილ ქალაქში, რომლის ნახვასაც მთელი ცხოვრება ოცნებობდით. ტკბებით საოცარი ხედებით და არქიტექტურით. გიდი გიყვებათ, რომ ესა და ეს შენობა ამა და ამ არქიტეკტორმა ააშენა. რომ ეს შენობა ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია. „არა, მას შთამომავლები არ ყავს, რადგან ის იყო გეი“. ამან შეცვალა მისი გენიალურობა ან თქვენი აღფრთოვანება მისი ხელოვნების მიმართ? სჯობდა იმ არქიტეკტორს საერთოდ არ ეარსება და არც ეს შენობა ყოფილიყო?

 

ან კიდევ: სამსახურის თანამშრომელი ხშირად გეხმარებათ და ბევრჯერ გამოუყვანიხართ გამოუვალი მდგომარეობიდან. მაგალითად დაგხმარებიათ ბიზნეს–პროექტების რეალიზაციის პროცესების დროს, თქვენი შვილი, რომელიც ექიმთან გყავთ მისაყვანი მას შეუცვლიხართ. ის უკვე თქვენი ძალიან ახლო მეგობარია. თქვენ მას თქვენი ოჯახის პრობლემებსაც უზიარებთ. და ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელად თქვენ მას ევროპის ერთ–ერთ ქალაქში ხვდებით სხვა მამაკაცთან ერთად და ის აღიარებს თავის ჰომოსექსუალურ ორიენტაციას. და ეს უკვე ხაზს უსვამს და საბოოლოდ ასრულებს თქვენს მეგობრობას?

 

და რამდენი ხართ ვისაც ჰომოსექსუალების განადგურება, ქვეყნიდან განდევნა და მათი მოკვლაც კი გსურთ და ამავდროულად გეი–ფეხბურთელებს გულშემატკივრობთ, ავტომობილში გეი–მომღერალს უსმენთ ან გეი–დიზაინერის სამოსით დადიხართ, მაგრამ არ იცით, რომ ისინი ლგბტ თემიდან არიან?

 

ერთი ეს მითხარით, დავიჯერო თქვენს გარემოცვაში არ არიან საკმარისი მოღალატე, უპრინციპო, ყოველდღიურად პრობლემების შემქმნელი ჰეტეროსექსუალები? იმდენად საკმარისი რაოდენობის, რომ სხვის სექსუალურ ორიენტაციაზე არ იფიქროთ?

 

მაგრამ ისინი ყურადღებას იქცევენ, ალბათ მეტყვით თქვენ. არა! ან იქბებ გგონიათ, რომ ყველა ჰომოსექსუალს ტუჩზე „პომადა“ უსვია და მაღალ ქუსლებზე დაცანცარებს? ძალიან ცდებით და გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, რომ უამრავი გეია რომელიც ძალიან ბრუტალურად გამოიყურება. კარადაშია შემალული და საკუთარ ორიენტაციას არ აღიარებს. ეშინია. ეშინია ჩვენგან განკითხვის, ზიზღის. პირადად მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულობის გამო თავად გავხდი ლანძღვის ობიექტი და გაფიქრებაც კი მზარავს იმაზე თუ რა შიშს განიცდიან ისინი. შორს ნუ წავალთ, გურამ კაშია ჯვარზე აცვით იმის გამო, რომ მათ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა.

 

მე ყოველთვის ლოიალური ვიყავი იმის მიმართ, თუ რით არიან დაკავებულები ადამიანები თავიანთ საძინებლებში, თუ რათქმაუნდა ისინი არიან ზრდასრულები და სრულ ჭკუაზე. ამ თემამ განსაკუთრებით მაშინ შემაწუხა, როდესაც ერთ ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურე სახელწოდებით „თამაში იმიტაციებში“, რომელიც რეალურ ფაქტებზეა აგებული. მასში საუბარია ერთ ბრიტანელ გენიოსზე, რომელმაც ფაქტიურად სიცოცხლე შესწირა იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების შიფრაციის მანქანის კოდი გაეტეხა. ძალიან ამაღელვებელი სიუჟეტი და ინტელექტუალური თამაში. მთავარი გმირის ალან ტიურინგის როლს მსახიობი ბენედიკტ კამერბეტჩი ასრულებს. მთავარმა გმირმა კოდი გატეხა, მისია შესრულებულია, რამაც უამრავი სამხედრო ექსპერტის დარწმუნებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულება 2 წლით დაახლოვა. ამით გენიალურმა მათემატიკოსმა ალბათ მილიონობით ჰეტეროსექსუალს სიცოცხლე შეუნარჩუნა და მათ შტამომავლებს არსებობის საშუალება მისცა. ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს გენიოსი ჰომოსექსუალი იყო, რის გამოც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მიუხედავად მისი დამსახურებებისა, მას განაჩენი გამოუტანეს და იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვუყურებდი და ვერ ვგებულობდი: ეგ როგორ! რანაირად! ასეთი დამსახურებების შემდეგ! მისი პირადი ცხოვრების გამო! თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2013 წელს, ფილმის პროტოტიპის გმირი სამუდამოდ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, მაგრამ ეს რამეს ცვლის თქვენს ბნელ აზროვნებაში?

 

ხშირად მინდა ხოლმე დავუსვა კითხვა იმ ადამიანებს ვინც ბიბლიას და ეკლესიას არის ამოფარებული და სინამდვილეში ბიბლიის ფურცლები უბრალო ფურცლებად რჩება. როდის წაიკითხეთ ბოლოს ბიბლია? ასევე მსურს შეგახსენოთ: „ პირველმა იმან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია“.

 

ჩემი აზრით, ჰომოსექსუალიზმის მიმართ შეუწყნარებლობა დაფუძნებულია იმით, რომ ოპონენტებს არ ესმით, რომ გეი, ეს არ არის აბსტრაქცია, ეს ცოცხალი ადამიანებია. თავიანთი საქმის პროფესიონალები, საზოგადოების ნაწილი თავიანთი რწმენით და პრინციპებით. ეს არის ხალხი, რომლებსაც გრძნობები და ემოციები გააჩნიათ. არ არის საჭირო ადამიანებს სექსის გავლით უყუროთ. და თქვენი მათდამი შეუწყნარებლობა იცით კიდევ რასთან არის დაკავშირებული? თქვენ წარმოიდგენთ იმას, თუ როგორ კავდებიან ისინი სექსით და სადღაც თქვენს თავსაც კი წარმოიდგენთ. არა? მაგრამ თქვენ ხომ ამ მოვლენას ასეთ ფორმულირებას აძლევთ ხოლმე: „როგორც კი წარმოვიდგენ....“ . ასე, რომ ეს თქვენი პრობლემაა და არა გეების. ნუ წარმოიდგენთ.

გიორგი დანელია