ავიაკატასტროფაში დაღუპულები

ილია ბაიდაშვილი, კოტე საცერაძე, თორნიკე ოსიაშვილი - სტეფანწმინდაში მომხდარ ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა ოჯახებისთვის მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია. ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია მათ  ვერტმფრენის მფლობელმა კომპანია „ავიატორი პლიუსის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს. სწორედ კომპანიის თანამშრომლებმა წაიყვანეს ყაზბეგში ილია ბადიაშვილის მეუღლეც. მფრინავს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თანამშრომლების გადმოცემით, ილიკო გამოცდილი პილოტი იყო და წლების განმავლობაში ეწეოდა ამ საქმიანობას.

ილიკო ბაიდაშვილი 45 წლის იყო, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა.

ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, კოტე საცერაძე გიდად მუშაობდა. 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთია სამ გარდაცვლილს შორის, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ის რუსთავში ცხოვრობდა. 

მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ კოტე საცერაძეს ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა. 

„დარეკეს, რომ რაღაც მოხდაო. ჩვენ ხომ არ ვიცოდით. სადღაც 12 საათისკენ გავიგეთ მეზობლებმა, რომ აღარ იყო ეს ბავშვი. ჩემი ბავშვის მეგობარია. ჩემ ხელში გაზრდილია ეს ბავშვი. საუკეთესო ბავშვი, 27 წლის. დედა პედაგოგი ჰყავს, მამა ინჟინერი, კარგი ოჯახი , ძმა ექიმი ბიჭი. სამაგალითო ოჯახი. ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა,“-განაცხადა გარდაცვლილი გიდის მეზობელმა.

ტრაგედიას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს. მწყემსმა დაინახა, როგორ დავარდა მიწაზე ვერტმფრენი. რეზო ფიცხელაური ყვება, რომ საფრენ აპარატს ჰაერში ცეცხლი არ გასჩენია, მას არ დაუნახავს შეჯახებაც, რადგან იმ ადგილზე, სადაც კოპტერი ჩამოვარდა, ელექტროგადამცემი ბოძები არ არის.

ერთადერთი ვერსია, რომელზეც „კურიერთან“ ანონიმი წყარო საუბრობს, ვერტმფრენის შესაძლო ტექნიკური ხარვეზია. „კურიერში“ მოსული გზავნილის ავტორი ირწმუნება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, საფრენ აპარატს პრობლემები ჰქონდა და დღეს დილით დაგეგმილი ფრენა იყო ტესტირება ხარვეზის გამოსავლენად.