„შსს-ს ჯიბის ინსპექტორია“- ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას დანიშვნას ეწინააღმდეგება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიცია  ინსპექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ მძაფრ განცხადებებს აკეთებს. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაზე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებთანაა დაკავშირებული, სახელმწიფო ინსპექტორის იდეის დისკრედიტირებაა. მისი თქმით, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი უბრალოდ შსს-ს „ჯიბის ინსპექტორია“. სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება.

"როცა ჩვენ სახელმწიფომ ინსპექტორის ინსტიტუტზე ვსაუბრობდით, ისედაც ბევრ კომპრომისზე წავედით. მაშინ როდესაც გვინდოდა მართლა დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნებოდა პარლამენტზე დაქვემდებარებული და იქნებოდა გარანტი იმისა, რომ არც ერთი სამართალდარღვევა ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ დარჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, ჩვენ მაინც შევკვეცეთ სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები იმ დონეზე, რომ დღეს ასეთი სრულფასოვანი ინსტიტუტი ვერ შევქმენით, მაგრამ ის რაც არის, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, თუ ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო ინსპექტორად პიროვნებას, რომელიც დაკავშირებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, მაშინ ეს იდეა იქნება სრულებით დისკრედიტირებული.

როცა ხდება დანაშაული, რომელსაც ჩადის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის უბრალოდ შსს-ს ჯიბის ინსპექტორი და მეტი არაფერი. მგონი „ქართული ოცნება“  ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ინსტიტუციის დისკრედიტაციას მოახდენს. მოგიწოდებთ, თუ არ შეგვიძლია, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი, უკან მაინც ნუ გადავდგავთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ინტერესთა კონფლიქტზე გაამახვილა ყურადრება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან შიშის გამოხატულებაა ის ფაქტი,  რომ კადრების ძებნა დაიწყეს არა გარეთ, არამედ შიგნით, ძალოვან უწყებებში.

"როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის ახალ თანამდებობაზე შემოთავაზებულია კადრი, რომელიც არის ჯერ იმ პროკურატურის წარმომადგენელი, რომლის გამო ჩვენ ჯერ საერთოდ საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე რეკომენდაცია მივიღეთ 2013 წელს პარლამენტში და რისთვისაც ეს მექანიზმი შეიქმნა და დღეს ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის თანამშრომლები შესაძლო დანაშაულზე შეიძლება ინსპექტორმა გამოძიება დაიწყოს, ეს იცით რისი მაჩვენებელია?! როდესაც უკან იდგმება ნაბიჯი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, ასე იქცეოდა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც მოხდა სისტემური დარღვევები, ამ გზაზე დადგა დღეს სამწუხაროდ მმართველი პარტია, ეს ძალიან სახიფათო სიგნალია. ის წარმოადგენს სისმტემას, რომლის წინააღმდეგაც მას მოუწევს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია ასეთი გადაწყვეტლება. ეს არის შიშის გამოხატულება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ყველას, ვინც ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს, იმ არაადამიანურ მოპყრობაზე აკისრებს პასუხისმგებლობას, რომელიც 2010-2012 წლებში პენიტენციალურ სისტემაში ბავშვთა მიმართ ხდებოდა. გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ თოლორაია პროკურატურაში არასრულწლოვანების მართლმსაჯულების პროცესს სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა, როდესაც წამება და  არაადამიანური მოპყრობა პიკში იყო.

„მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო: დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ იმ კანდიდატურას, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში არასრულწლოვანების მართლმსაჯულების პროცესს ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით პიკში იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა არასრულწლოვნების 2010-2012-ში. დღეს თქვენ მხარი ქალბატონ ლონდას უნდა დაუჭიროთ, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს, განსაკუთრებულად გლდანის მე-8 პენიტენციალურ სისტემაში და იმ ადგილებში , სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ. ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ამ კანდიდატურების წამოწევა და წახალისება ხდება. მე ვფიქრობ, ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, ბავშვების იმ არაადამიანურ მოპყრობაზე აიღებს პასუხისმგებლობას,  რომელიც  ამ ქალბატონის საზედამხედველო პროკურორის ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.