თაღლითობაში ბრალდებულ ბიზნესმენს წინაპატიმრობა საავადმყოფოში შეეფარდა

თაღლითობისთვის დაკავებულ „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს, ალექსი სიხუაშვილს წინასწარი პატიმრობა  საავადმყოფოში შეეფარდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, საკანში გულის შეტევის გამო, ალექსი სიხუაშვილი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მოსამართლემ და პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საავადმყოფოში იმსჯელეს და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს.სიხუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.


შპს „ბილდინგ დეველოპერის“ მფლობელ ალექსი სიხუაშვილს ტენდერის პირობების შეუსრულებლობასა და ბიუჯეტიდან თანხის მითვისებას ედავებიან. საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა. როგორც ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, ალექსი სიხუაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შეასრულა. მას უნდა განეხორციელებინა წყლის ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაო არასათანადოდ შეასრულა და თაღლითურად, საბიუჯეტო სახსრები მიითვისა.ალექსი სიხუაშვილს 6-დან 9 წლამდე თავისუფლებს აღკვეთა ემუქრება.  ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.