ბიზნესის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრისგან განმარტებებს ითხოვენ

11-მა  ბიზნესგაერთიანებამ  ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს ღია წერილით მიმართა.  ბიზნესის წარმომადგენლები ღია წერილის საშუალებით „ოქროს სიის “ კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმების თაობაზე დამატებით განმარტებებს ითხოვენ.

„ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. კერძოდ, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთ დღიანი ვადა გავრცელდება: „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე;  წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა)  დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ: ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ; რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაერთიანებებმა დღეს ფინანსთა სამინისტროში შეიტანეს.

განცხადებას ხელს აწერენ: „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „დისტრიბუტორთაბიზნესასოციაცია“, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“, „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება“, „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფინანსთა მინისტრს საგადასახადო შეღავათების გაუქმების გადავადების თხოვნით მიმართა. ამ საკითხზე მსჯელობისთვის ფინანსთა მინისტრს, ბიზნესის წარმომადგენელთა და ბიზნესომბუდსმენს შორის შეხვედრაც შედგა,  თუმცა მაჭავარიანმა  გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი განაცხადა.

“მტკივნეული საკითხი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო და ახლა მათ უწევთ მთლიანი ფინანსების გადაწყობა, რაც საკმაოდ რთულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დღესვე მივმართოთ მთავრობას, რომ ან გადავადდეს ამ გადაწყვეტილების ამოქმედება, ან დარჩეს სტატუს-კვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რესურსი ბოლომდე ამოწურული არ არის. ფინანსთა მინისტრმა  ამ გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად სავალუტო ფონდთან შეთანხმება დაასახელა,”-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა, გარდა ე.წ „ოქროს სიის“ წევრებისა. მინისტრის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წელს გამოცემული ბრძანების 51-ე მუხლის მე-7 პუნქტში ცვლილება შევიდა.

ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელიც  გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით სარგებლობს. შემოსავლების სამსახური ე. წ „ოქროს სიის“ სტატუსს ანიჭებს გადამხდელს, რომელსაც აქვს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარი.  ამავე დროს, გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი არანაკლებ 900 000 ლარისა.

ფინანსთა სამინისტროში გადაწყვეტილებას ყველა კომპანიის თანაბარ პირობებში ჩაყენებით ხსნიან.

“ჩვენი მთავრობის პოლიტიკა როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი.