მოსკოვში ჟურნალისტის მხარდაჭერისთვის 94 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერ აქციაზე 94 პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის რამდენიმე ჟურნალისტი და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც  იყო.

მედიასაშუალების ინფორმაციით,  „ჩისტიე პრუდისთან“ შეკრებილ ასობით ადამიანს პოლიციელებმა  დაშლისკენ მოუწოდეს, ხოლო  მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს, თუმცა დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და რუსული გვარდიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. 

აქციის მონაწილეების თქმით, ძირითადად აკავებენ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერი მაისურები აცვიათ. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს, მოსკოვში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას „გაურკვეველი სუბსტანციის“ შეკვრა უპოვეს, რაც გამოძიების მტკიცებით, „მეფედრონი“ (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. ჟურნალისტს აკრძალული ნივთიერების ფლობასა და მისი გასაღების მცდელობას ედავებოდნენ.

თავად გოლუნოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გოლუნოვს ადვოკატის ნახვის საშუალება პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფი ნაცემი იყო. გარდა ამისა, ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი უფლება დაირღვა - მას ზარის განხორციელების შესაძლებლობაც არ მიეცა. ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გოლუნოვი ოდესმე იმ შეკვრას, რომელიც „აღმოუჩინეს“.