რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ განვითარებულ მოვლენებს, ბაფტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მეუფე რუსუდან გოცირიძე ეხმაურება.

"მე მგონია, 17 მაისი ყოველ დღე მეორდება. ის აგრესია და სიძულვილი, რომელიც მაშინ ერთ მოედანზე კონცენტრირდა და კარგად გამოჩნდა, არსად წასულა. ის, ხან წუხანდელივით მოგროვდება და ხან ასე, თითო-თითო ადამიანად დაიარება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში, ზის ჩვენს სუფრებზე, ასწავლის ჩვენს შვილებს სკოლებში, მკურნალობს ჩვენს პაციენტებს საავადმყოფოებში, ქადაგებს ტაძარში, მეჩეთში, სინაგოგაში და წყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს საპარლამენტო დარბაზებსა, თუ მუნიციპალიტეტებში.

17 მაისი მეორდება ყოველ დღე და მშვენივრად ვართ. არ გვაღელვებს, რომ ვიღაცას სიცოცხლის რისკის ფასად უწევს სახლიდან გამოსვლა, ვიღაცას სახლიც აღარ აქვს, იმიტომ, რომ საყვარელმა ადამიანებმა გამოაგდეს და მოიშორეს.

სოდომი და გომორა მართლა მახსენდება ამ მოვლენებისას. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ლოტის ოჯახის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს. ოღონდაც, დიდი ფანტაზია და ჩაღრმავებები არაა საჭირო, რომ მიხვდე დღევანდელ ვითარებაში ვინ რომელ ბიბლიურ პერსონაჟს ჰგავს, რომელი მხარე მოგაგონებთ გავეშებულ, მოძალადე ბრობოს.- წერს რუსუდან გოცირიძე.