ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 7  ადამიანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა  -  31 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში  იმყოფებიან.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი  გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - მამაკაცს სხეულის 70%-ის დამწვრობა აქვს მიღებული, ხოლო გოგონას - სხეულის 25 %-ის დამწვრობა აღენიშნება.

„ზემოთ აღნიშნული შემთხვევიდან ჩვენ კლინიკაში შემოვიდა ორი პაციენტი. ერთი მამაკაცი, 31 წლის, მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. 70% აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დაზიანება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მეორე, 10 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა შედარებით იოლია, რადგან ფართობია ნაკლები, 25 %, თუმცა სამწუხაროდ, რეანიმაციაშია ისიც მოთავსებული. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, თუმცა ორივე შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დაზიანებებთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აფეთქება ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მომხდარის შედეგად 7 ადამიანია დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მომხდარ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. ადგილზე მალევე მობილიზდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში მოხერხდა. მეხანძრეთა ჯგუფებმა ხანძრის კერის  ჩაქრობა მალევე მოახერხეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი შესაძლოა მიზანმიმართულად, ოჯახური კონფლიქტის შედეგად გაჩენილიყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, აფეთქების საქმეზე ძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.