ვასაძის და რუსული ძალის გააქტიურების შემდეგ ქუჩაში ადამიანებს სცემენ

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თანამდებობის პირებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ხეობა დატოვეს.

მოძრაობის თეატრის მსახიობები ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მსახიობი მისივე უსაფრთხოების მიზნით, მანქანაში ჩასვეს.

პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტის ცნობით, მანქანაში მყოფ მსახიობთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდა და უსაყვედურა, „რატომ შეყარა ქვეყანა, როცა შეეძლო, რომ იქვე მდებარე პოლიციის შენობაში შესულიყო და მათ დალაპარაკებოდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

წუხელ. „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველებმა საქართველის პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უფრო ადრე 

ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მოქალაქეს საკუთარ სახლში ფერადი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან ლგბტ დროშა ეგონა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. აქციის მონაწილეები ფარდის ჩამოსახსნელად ვერის ბაღიდან დაიძრნენ.

ტელეარხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ უხსნის პოლიციის თანამშრომელი, რომ ეს დროშა და ბინა კერძო საკუთრებაა. ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი აღიარებს, რომ არ იცის ეს დროშა იყო თუ არა. ამავე დროს კი აღნიშნავს, რომ დროშა არ უნდა გადმოკიდონ, რათა ხალხი "არ გააღიზიანონ". აქციის მეორე მონაწილე კი ამტკიცებდა, რომ ორი უზარმაზარი დროშა იყო გადმოფენილი.

"რა მნიშვნელობა აქვს, ფარდა იყო თუ დროშა? ხომ იცოდა, რისი სიმბოლიკაც არის. სხვა ფერის ფარდა გააკეთოს. ეს დღეს გააკეთა შეგნებულად, წინა თვეში რატომ არ ჰქონდა ეს ფარდა, ან წინა კვირაში", — უთხრა აქციის მონაწილემ პირველ არხს.