დღეს 9 აპრილი გაგვახსენე — მთავარეპისკოპოსი ზენონი ხელისუფლებას

"ხელისუფლება, ნეტავ, ვისი გული გაახარე?!" — ასე მიმართავს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ხელისუფლებას. ის პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს! ყოჩაღ, ხელისუფლება! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება?" — წერს მეუფე.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობას დღეს 9 აპრილი გაახსენა, "როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ".

"არ აღმოგაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე, არ აღმოგაჩნდა პასუხისმგებლობა ოდესღაც ნდობით გამსჭვალული, მწარე სვე-ბედისგან დათრგუნული შენი ხალხის მიმართ. რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა. სამართლიანად მოგკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული. ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, შიშველი ხელებით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით მოპყრობის ნაცვლად, ბარბაროსული მეთოდებით მიმართე ძალის დემონსტრირებას. ნუთუ, ვერ ხვდები, რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს", — აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი ზენონი.