აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამატების ფაქტზე  10 სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა, ხოლო ორი მათგანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.

მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


 

2019 წლის 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამატების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

უწყება  ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, თუ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფოტო/ვიდეო მასალას ფლობს, გამოძიებას მიაწოდოს. 

„საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად უკიდურესად მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი.

ამ მიზნით პროკურატურა თხოვნით  მოგმართავთ  რომ ჩვენს მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გარდა, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული  ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ამასთან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საგამოძიებო პროცესის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. ასაბლეის ფარგლებში საქართველოს რუსი დეპუტატები, მათ შორის ანტიქართული განწყობის მქონე დეპუტატი სერგეი გავრილოვი ეწვივნენ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია და სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც ღონისძიება გაიხსნა, აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა რუს დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყეს. ამის შემდეგ, 20 ივნისს ასამბლეის მორიგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა. თბილისში რამდენიმე დღიანი საპროტესტო ტალღის მიზეზი კი, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. სხდომის გახნის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ გავრილოვის მიერ ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება გააპროტესტა. შექმნილი დაპირისპირების გამო, რუს დეპუტატებს პარლამენტი დაატოვებინეს და სასტუმრო "რადისონში" გადაიყვანეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "რადისონთან" გადაინაცვლა. მომიტინგეებმა სასტუმროს შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ რუსი დეპუტატები დაცვის თანხლებით სასტუმროდან გაიყვანეს და ქვეყანა დაატოვებინეს. საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომა იყო.  აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს პოლიციის კორდონის გარღვევისკენ და პარლამენტის შენობის დაკავებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 სამართალდამცველი. ადგილზე მყოფმა სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. რამდენიმე საათიანი შეტაკებების შემდეგ, სპეცრაზმმა დემონსტრანტების დარბევა დაიწყო. რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლება სპეცრაზმმა დილის 07:00 საათისთვის დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს, მათ ნაწილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. შექმნილი ვითარების გამო მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. მასთან ერთად საპარლამენტო მანდატი ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ამის მიუხედავად, დემონსტრანტები საპროტესტო ტალღას არ წყვეტენ. მომიტინგეებს კიდევ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა.