ყველა ჩხუბი, რომლის ნახვაც დღეს პარლამენტში შეგეძლოთ

პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობდა, დილიდანვე დაძაბულ რეჟიმში წარიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოითხოვენ პასუხს ოპონენტებისგან, თუ რის საფუძველზე აპირებენ ისინი ხმის მიცემას გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მათ კოლეგას დაიჭერენ. სხდომის დაწყებისთანავე ერთმანეთს  "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე დაუპირისპირდნენ. 

"ადამიანის უფლებატა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომ გქვია შენ, სამარცხვინო ქალო"-მიმართა ბოკუჩავამ კილაძეს, რაზეც მან პასუხად კილაძისგან წინა ხელისუფლებისდროინდელი მმართველობის კრიტიკა მიიღო.

"ჯალათების პარტია ხართ, ვის რას ეუბნებით... ჩვენ ჩვენ შეცდომებზე პასუხს ვაგებთ მაგრამ ერთხელ არ მოგიხდიათ ბოდიში გაუპატიურებული და  ნაწამები ადამიანებისითვის,"-განაცხადა სოფო კილაძე

სოფიო კილაძეს დაუპირისპირდა ირმა ნადირაშვილიც. 

დაპირისიპირების მიზეზი სოფო კილაძის განცხადება გახდა, რომლის დროსაც მან "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმი გაიხსნა. 

„რომელ ადამიანის უფლებებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, მორალური დისკომფორტი არ გექმნებათ? არ მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ და არც ერთ ნაწამებ ადამიანზე, გაუბედურებულ ადამიანებზე, სირცხვილია, სირცხვილი“, - აღნიშნა კილაძემ

ამ განცხადებამ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გააღიზიანა. დეპუტატი ადგილიდან წამოხტა და სოფიო კილაძესთან მისვლას შეეცადა, თუმცა ამის საშუალება მას არ მისცეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნადირაშვილს რამდენჯერმე მოუწოდა „წესიერად მოქცეულიყო“.

„დღეს რა ხდება, სოფო კილაძეზე გაქვთ დაგეგმილი შტურმი თუ რა ხდება?!“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შელაპარაკება მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანსა  და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების - თინა ბოკუჩავასა და რომან გოცირიძეს შორის.

 „2012 წლიდან ვამბობდი ამას, რომ ასეთ ადამიანებთან კოჰაბიტაცია და ლაპარაკი შეუძლებელია. ეს ის ხალხია, რომელსაც ჭირივით ეზარება საკუთარი საზოგადოება. პატარა ბიჭებს მიუშვებენ სახელმწიფო შენობაზე და მერე თვითონ ვირთხებივით იმალებიან“, - ამ სიტყვებით კარლო კოპალიანმა ოპონენტებს მიმართა.

უმრავლესობის წევრს თინა ბოკუჩავამ საუბარი შეაწყვეტინა და სხდომის წამყვანებს მიმართა: „ეს კომუნისტი რომ არ ალაპარკოთ არ შეიძლება?! გავრილოვის პარტიის წევრს ალაპარაკებთ ახლა თქვენ.

მიუხედავად ამისა, კოპალიანს საუბარი არ შეუწყვეტია.

„თქვენთვის რუსეთი მიუღებელია ამ შემთხვევაში, მაგრამ ივანოვი რომ შემოგიძღვათ ამ შენობაში, მაშინ მისაღები იყო. ივანოვი არ იყო 2003 წელს თქვენს გვერდით?! თქვენ ხართ რუსეთის აგენტები. თქვენ ხართ ის ადამაინები, ვინც დღენახევარში ჩააბარეთ საქართველო რუსეთს. „თეთრი საროჩკიანების რევოლუცია“ მოგინდათ თქვენ. ეგრე არ გამოვა. თქვენ ჩვენს ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ.  კაცებო გააჩერეთ ეს ქალი(თინა ბოკუჩავა)“, - განაცხადა კოპალიანმა.

დეპუტატმა, ნინო წილოსანმა კი განაცხადა, რომ თინა ბოკუჩავა თავს მწვავე განცხადებების გაკეთების უფლებას იმიტომ აძლევს, რომ ის ქალია. მან მანდატურს მოუწოდა, შემდეგ შემთხვევაზე ბოკუჩავა გაეძევებინათ. 

კოპალიანი რომან გოცირიძესაც მწვავედ გამოეპასუხა:: „ცინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან. გოცირიძეს ვეუბნები“.

შემდეგ კი უმრავესობის წევრმა საუბარი გააგრძელა.

„როდის დამთავრდება ამ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, 9 წელი დედას რომ ტირობდნენ ამ ქვეყანას. 7 წელი გავიდა. როდის დაბრუნდება ქონებები, როდის გასამართლდებიან ის ადამიანები, ვინც „კასტილებით“ აუპატიურებდა ადამიანებს. ამათ იციან ბესო ტაბატაძის სახელი და გვარი, ცალი თვალით რომ დადის დღესაც? გაგიგიგათ ასათიანი და კვინტრაძე, რომლებიც მაღაზიის თავებზე შემოდეთ? ორ „ტრუპს“ ვერ ცდებით ხომ ხედავთ თქვე საცოდავებო“, - მიმართა კარლო კოპალიანმა ოპოზიციას.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც იყო მონა, აგერ  ზის - სალომე სამადაშვილის ამ რეპლიკას მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი,“- მიმართა სამადაშვილმა ზარდიაშვილს.

დაპირისპირების მიზეზი სალომე სამადაშვილის კითხვა გახდა, მან უმრავლესობის დეპუტატებს ჰკითხა, რატომ არ არიან გამოშვებული ამ დრომდე დაკავებული აქციის მონაწილეები.

ვანო ზარდიაშვილმა კი დეპუტატს კითხვა შეუბრუნა და დაინტერესდა გრძნობს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას ამ ადამიანების დაკავებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც იყო მონა აგერ  ზის. თქვენი ხელისუფლების მონა არის ეს. ეს ბიჭი არის „ქართული ოცნების“ სახე,“-განაცხადა სამადაშვილმა.

იჩხუბეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმაც.

„კომიტეტების სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე“, - ამ სიტყვებით  ლევან გოგიჩაიშვილმა  საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვლისას დეპუტატებს მიმართა.

აღნიშნულის საპასუხოდ  ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უზრდელი უწოდა.

„თავი შეიკავე და გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო“ - მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.

რის შემდეგაც, ლევან გოგიჩაიშვილმა  გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დატოვა.