ნიკა მელიას იმუნიტეტი აღარ იცავს - გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასებები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას უმრავლესობამ დეპუტატის მანდატი შეუჩერა, რაც პროკურატურას მისი დაკავების  საშუალებას აძლევს.

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, არასწორს უწოდებს.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, ხელუსუფლებამ დღეს "პარლამენტის ინსტიტუციას თავზე გადაურბინა".

"დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა, არ შეიძლება ამის გაკეთება"-ამის შესახებ განცხადება, ლევან გოგიჩაიშვილმა სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება პარლამენტის ინსტიტუცია გაანადგურა. მისივე შეფასებით, მიღებული იქნა სისტემაზე მორგებული უსამართლო გადაწყვეტილება.

„ძალიან არასწორი რამ მოხდა. ადამიანს სიტყვები არ გეყოფა. ესეთი რაღაცები არ შეიძლება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გადაურბინა დღეს ხელისუფლებამ პარლამენტის ინსტიტუციას თავზე. მეც ამ ფარატინა ფურცლის გამო ვარ ციხეში წასული ხო, ეს არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ეს რაღაც უბედურება და სისტემაზე მორგებული რაღაც. მე ვფიქრობ რომ ეს არის კრიზისი პოლიტიკური დეფიციტი არის. არასწორი გადაწყვეტილება არის. დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა, არ შეიძლება ამის გაკეთება. არ უნდა დაემსგავსო შენზე უარესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“  დეპუტატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერება შურისძიება იყო და არა სამართლის აღსრულება.

ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა:

„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და  არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევა მმართველი გუნდის პოლიტიკური სირცხვილია.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საზოგადოებრივ კონსენსუსს შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

„პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილი ივანიშვილის გუნდის ყველა წევრს, ივანიშვილის დავალებით, ვინც ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და მათ მცდელობას, რომ გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბარიც რომ არ უნდათ და ამის მაგივრად, ყურადღების გადასატანად, ჩვენს კოლეგას, ოპოზიციონერს უშვებენ ციხეში. იმედი აქვთ, რომ ამით მოხდება ძალის დემონსტრაცია, როდესაც ისინი ქართულმა საზოგადოებამ დააჩოქა დამსახურებულად და არ გამოუვათ. თვითონ მელიას გზავნილი, გიგი უგულავას გზავნილი, რომელიც შეიძლება ხვალ დაიჭირონ, იყო მსგავსი. ვერაფერი ვერ შეცვლის საზოგადოებრივ კონსენსუსს იმაზე, რომ სისხლიანი და უპასუხისმგებლობა გადაწყვეტილების შემდეგი, გახარია უნდა დაისაჯოს და გადადგეს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს. პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.