თვალებს გვთხრიდენ, აქ შერჩეითი სამართალია, ვისჯებით ქვეყნის სიყვარულისთვის - ბრალდებულების შეფასებები სასამართლოზე

 ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა მისი და მასთან ერთად დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ როცა დაინახავს, რომ პოლიციელი მისი ქვეყნის მოქალაქეს თვალს ამოთხრის, ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც აქამდე იმოქმედებს.

მე მივედი აქციაზე. ბრალდება თუ ამბობს, რომ აქციის დაშლა მოხდა, რადგან შტურმით იღებდნენ მონაწილეები, რატომ მოხდა თვალში ტყვია 50 მეტრში მყოფ გოგოს. მე ვარ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე. როცა დავინახავ, რომ პოლიციელი ჩემი ქვეყნის მოქალაქეს თვალს ამოთხრის, ზუსტად ისე ვიმოქმედევ, როგორც აქამდე ვიმოქმედე“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.

პროცესზე განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი ნიკა მელიას შემთხვევაში არ მოხდა დაპატიმრება და მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რომ არ იყოს შერჩევითი სამართალი, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ უნდა მიიღონ პატიმრობის გადაწყვეტილება.

კიდევ ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის აზრით დანაშაული მიუძღვის ყველა ორგანოს, რომლებმაც რუსი დეპუტატი შემოიყვანეს პარლამენტში.

„ხალხმა აჩვენა, რომ პოლიტიკურად არის მწიფე. იქ არ ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, ეს იყო ჯიკავი და პროტესტი. 20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს. ეს ყველაფერი ჰგავს ილია ჭავჭავაძის ამბავს; ილია ვარ, არ მომკლათო, რაზეც უთხრეს, ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო. რუსმა ქართველის ხელით გააკეთა ეს”, – განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

მის გამოსვლას დარბაზში მყოფების ტაში მოჰყვა.
სხდომაზე ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან განმარტება მოითხოვა მათ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვენ ისინი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებას.

„ბესიკ თამლიანსაც გავუკეთოთ ის სამაჯური, რომელიც მელიას აქვს და ქუჩაში ვერ გადის პროკურორის თანხმობის გარეშე. დიდი ხანია, არ გამიგია, რომ ბრალს არ აღიარებს და ამიტომ უნდა შეეფარდოს პატიმრობა. თუ სხვაგვარად არის საქმე მითხარით, ან მოწმეზე თუ მოახდინა ზემოქმედება 20 ივნისის შემდეგ, ან მიმალვა თუ სცადა. თუ ასეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი მითხარით, თუ არადა, სადაა ის რისკები, რაზეც საუბრობთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.
ბესიკ თამლიანის დედამ რუსუდან თამლიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სიყვარულისთვის ხალხს რომ აპატიმრებდნენ, ალბათ, მარტო აქ ხდება.

„უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყნის სიყვარულისთვის ხალხს რომ აპატიმრებდნენ მარტო აქ ხდება ალბათ“, - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.