რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ავიარეისი შესაძლოა აღდგეს

რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს, - ამის შესახებ kommersant რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

"თუ საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება, რუსოფობია დასრულდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება, ავიამიმოსვლა აღდგება", - განაცხადა წყარომ. 

ამ საკითხთან  დაკავშირებით განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც გააკეთა. 

კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ადრე თუ გვიან აღდგება, - განაცხადა მან.

ამასთან, პესკოვის თქმით, ავიაფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მისივე შეფასებით, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის ვიზიტი "უსაფრთხო ჯერ არ არის". 

"რა თქმა უნდა პირდაპირი ავიაფრენებისმიმოსვლის აღდგენას არ გამოვრციხავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოში ასეთი რუსოფობიური განწყობებია, რომელსაც ექსტრემისტული ელფერი დაჰკრავს, ჩვენი ტურისტებისთვის იქ ჩასვლა უსაფრთხო არ არის", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. 

მისივე განცხადებით, ავიაფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯი იყო. 

"ვახორციელებთ მონიტორინგს, და როგორც ვნახავთ, რომ დაძაბულობა მოიხსნა, ანალიზის და მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა პესკოვმა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. კრემლის ლიდერმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტს სერგეი გავრილოვს მოჰყვა.