დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საერთოდ გაუგებრობაშია - გიგი უგულავა გამოკითხვიდან დაბრუნდა

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებულმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. გიგი უგულავას თქმით, მას შეკითხვები  სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაუსვეს. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ ვარდების რევოლუციასთან პარალელი გაავლოს. 

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო,  როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ეს გუშინდელი ზვიად ძიძიგურის განცხადებიდანაც ღიად ჩანს, იმდენ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, კაცი, რომელსაც ვერ აკავებდი, ისე შერბოდა პარლამენტში, დღეს ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიუღია, თურმე, მონაწილეობა. რაც შეეხება მელიას გამოსვლას, მკითხეს ამაზე. ნიკა მელიას გამოსვლა ონლაინ საერთოდ არ მომისმენია. ეს გავიგე მეორე დღეს. მისი გამოსვლა პირადად მე არ მომეწონა, მაგრამ სრული პოლიტიკური უტიფრობა და სამართლებრივი თავხედობაა ის, რომ მისი გამოსვლა და შემდეგ განვითარებული ჩხუბი პარლამენტის წინ მონათლო სახელმწიფო გადატრიალებად. ეს სამართლებრივი ნონსენსია და პირად საუბრებში გამომძიებლებიც და მოსამართლეებიც ამას აღიარებენ, რომ ეს არის სამართლებრივი პროპაგანდისთვის და არა სამართლის დადგენისთვის წარმოებული გამოძიება. გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა დღეს წარმოებული გამოძიება.

ბრალის წარდგენა-არწარდგენა ჩვენი პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ის პირობითობა, რომ იმ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, განეიტრალება მოუნდება, ამის მიხედვით ამ ქვაბიდან პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს პასუხისმგებლობის  არიდების მიზნით  აქცენტი არა დაშავებულ მოქალაქეებზე, არამედ ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე გააკეთოს. 

„სანამ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პროკურატურა და ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს, ვინ გამოიყენა და რატომ გამოიყენეს დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი შეკითხვა არის ისრების გადატანის მცდელობა, გაყალბების მცდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას ადვოკატი, ალექსანდრე მგელაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მოწმის სტატუსის შეცვლას და დაკავებას გამორიცხავს. 

მგელაძის განმარტებითვე, უგულავასთვის კითხვები სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით არ დაუსვამთ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სრულყოფილი და ამომწურავი ჩვენება მისცა ყველა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. უფრო მეტსაც მოგახსენებთ, როცა მოსამართლემ თავიდან განმარტება გააკეთა, გვითხრა, რომ დაკითხვა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლთან დაკავშირებით მიმდინარეობდა", - განაცხადა მგელაძემ.

ის გამორიცხავს, რომ უგულავას, შესაძლოა, მოწმის სტატუსი შეეცვალოს.

„იმ ვითარებაში, რაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულის გამორიცხვა ნამდვილად შემიძლია. თუმცა, ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, ამის თქმას ვერ შევძლებ", - განაცხადა მგელაძემ.

ცნობისთვის, გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს 2 საათზე მეტ ხანს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობდა.