პუტინი ფაქტებს ამახინჯებს - საქართველოს ხელისუფლება პუტინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტის, ვლდიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანებიან, რომელმაც საქართველოს  გენოციდის მომწყობი და ოკუპანტი უწოდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე მსგავსი დასკვნები ახალი არ არის, მაგრამ მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცივილიზებულმა სამყარომ იცის რა არის რეალობა. 

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის ჩვენ მსგავსი დასკვნები, რომელიც ძალიან ხშირად ეყრდნობა არასწორ ფაქტებს, მათ შორის არასწორ ინტერპრეტაციას. ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის ძალიან ნათელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სამყაროსთან, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ინფორმირებული თითოეული ნიუანსის შესახებ, მათ შორის ისტორიის შესახებ. გარწმუნებთ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს კითხვის ნიშანი ჩვენი ისტორიის შესახებ,“-განაცხადა პრემიერმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ პუტინის განცხადება ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითია.

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები არაერთხელ გვსმენია. ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, როდესაც ისტორიაზე ვსაუბრობთ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან დაწყებულა და არც მე-19 საუკუნიდან, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით იყო აღიარებული ისტორიულად და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

რაც შეეხება სახელმწიფოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ეს არის იმის განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ვალდებულებები რაც არის აღიარებული უნდა იქნას შესრულებული,“-აცხადებს დავით ზალკალიანი.