ევროკავშირის პრეზიდენტმა ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა - რაზე ისაუბრა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმა. კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არის  ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელმაც თავის გამოსვლებში აქცენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, საქართველოში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებასა და  რუსეთის აგრესიაზე  გააკეთა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კონფერენციის მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით, ქართულად მიმართა.

ტუსკმა ციტატა ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ წაიკითხა.

„მინდა გავიხსენო ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი კოსმოპოლიტობას გამორიცხავს და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა 100 წელზე მეტი ხნისაა და მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ სიტყვა "საქართველო" მისთვის თავისუფლების, სიმაყესა და მამაცობასთან ასოცირდება.  

"გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის, არამედ როცა მე ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „თავისუფლებას“, როცა მე ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „სიამაყეს“, როცა ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „მამაცობას“. თქვენ პატარა ქვეყნა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ ყველანირი განსხვავების მიუხედავად ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით, თქვენ აშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა. გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“,  - განაცხადა ტუსკმა და ბოლო ფრაზა ქართული სიტყვებით დაასრულა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას "უსამართლო" უწოდა. 

ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმებისა და  კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, – განაცხადა ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოში, ქვეყნის შიგნით სოლიდარობის ნაკლებობაა და აღნიშნა, რომ დემოკრატია თავისუფლებისთვისაა და არა სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის. 

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული სისტემით ჩაატაროს, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სივრცის განვითარებას, მის პროგრესს და იმედი მაქვს, რომ ყველა თავდადებულად იმუშავებს მის გაღრმავებაზე. ბათუმის კონფერენციაზე მე ვილაპარაკე საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. ბრიუსელში ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის, მაგრამ, მეორეს მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც,- დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები წარმოქმნას“, - განაცხადა  დონალდ ტუსკმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა არ დამალა, რომ ევროკავშირის წევრები მისი გაფართოვების საკითხს  ეჭვით უყურებენ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თავად ეს ეჭვები არ აწუხებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შეიქმნა და ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, იქნება ეს ევროკავშირში თუ რეგიონში. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები არსებობს პარტნიორ ქვეყნებში. საქართველო უნდა ვახსენო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ეს უსაფრთხოების საკითხები ძალიან დიდ გამოწვევად უდგას. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ შექმნილა, როგორც კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი, მას აქვს თავისი ღირებულებები. ამ ღირებულებებით იგი ცდილობს დაადგინოს სტაბილურობა ქვეყანაში და გააძლიეროს მისი მედეგობა სხვადასხვა გამოწვევებისა თუ პრობლემების წინაშე. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო, რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა, სწორი მართმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში - არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს ამ გაფართოებას. მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველაზე ვერ გავრცელდება და ყველასთან ერთნაიარად ვერ იმუშავებს. აუცილებელია დე ფაქტო სოლიდარობა ყველა ამ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ტუსკმა.