მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება - ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესის შედეგები

"ხორავას ქუჩის" საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება - სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განაცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც მიხეილ კალანდიას ბრალეულობა დასტურდება.

„გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას. ეს არ არის ძირითადი საქმის მოსამართლე, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ იმსჯელოს იქიდან გამომდინარე, რომ არსებითი საქმე როდესაც გადაეცემა სასამართლოს, იმ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი. არსებითი საქმის განხილვის დროს აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია ამ საქმემ თავი დაიმაგროს სასამართლოში“, - განაცხადა კოტეტიშვილმა.

 ბრალდების მხარე, პროკურორმა მირიან მეგერიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს რისკები, რის გამოც, მიხეილ კალანდია პატიმრობაში უნდა იყოს.

„არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ დაინიშნა არსებითი განხილვა. აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გადასინჯა, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, - აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.