„აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის უკანა ეზო“ - ევროპის ქვეყნები საქართველოსა და რუსეთზე

ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციაზე – “საქართველოს ევროპული გზა“ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან  უმაღლესი რანგის სტუმრები იმყოფებიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.  

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთიმ განაცხადა, რომ "აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის“ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერია. მინდა მკაფიოდ გითხრათ, აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობელ ქვეყნად. გვჭირდება ღია, კონსტრუქციული დიალოგი იმისთვის, რომ უთანხმოებები გადავლახოთ. ევროგაერთიანება, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების კავშირი, ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციასთან ბრძოლა და უმცირესობების პატივისცემა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, გახდეს ამ პროცესის მთავარი ნაწილი, ტრანსფორმაცია გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოლოს ღირებულ შედეგს ვიღებთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორში მავთულხლართების ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა. 

ის აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს მოახდინა. როთი ამბობს, რომ თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, მაშინ 1991 წლის მოვლენები უნდა გაიხსენოს.

„როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც  განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, - განაცხადა კლაუდია როთმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ  განაცხადა რომ მისი ქვეყანა მგრძნობიარეა ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. მან აღნიშნა, რომ  მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

"ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ყოველთვის ვემხრობოდით გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუციებს. ასე რომ ეს არის, იყო და რჩება ჩვენს პოზიციად,“ - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ განაცხადა, რომ  დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია მხოლოდ ახალგაზრდების განათლებით   და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თავიანთი ქვეყნის სისტემების ნდობა ჰქონდეთ. 

ზახარიევამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში  ახალგაზრდებმა პერსპექტივა დაინახონ და ამაზე  პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ.

„მე კარგად მახსენდება წინა წლები -  ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების. მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ. დღეს  ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა. ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა,“ - განაცხადა ეკატერინა ზახარიევამ.