იტყუება თუ არა გახარია? საგარეო უწყებამ პარლამენტში ელჩების ყოფნა თავიდან უარყო, შემდეგ დაადასტურა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა "რეაქციაში"   განაცხადა, რომ უშუალოდ ადევნებდა თვალს, თუ რა ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს და მასთან ერთად პარლამენტში რამდენიმე ელჩიც იმყოფებოდა.

"მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას ყველაფერს და უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", —განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ ფაქტის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ვლადიმერ კონსტანტინიდს დაუსვეს. კონსტანტინიდმა   განაცხადა, რომ პირველად ესმის ამ ფაქტის შესახებ  და განმარტავს, რომ საგარეო უწყებაში მსგავსი გადაწყვეტილება არავის მიუღია. 

"ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ", — განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მოგვიანებით კონსტანტინიდმა დამატებითი განმარტებები გააკეთა, რადგან მიიჩნია, რომ მისი კომენტარი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა. 

"ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები, ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათ შორის თქვენი ეთერიდანც ჩანდა რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა, რომელი ელჩი იმყოფებოდა, მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ", — განაცხადა  ვლადიმერ კონსტანტინიდმა.