ანა დოლიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს „ვითომ კონკურსს“ უწოდებს. 

დოლიძე აცხადებს, რომ კანდიდატები ახლოსაც ვერ მიდიან იმ  სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მოეთხოვება.

„ ჩვენს წინაშე არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან მაღალი დონის კომპეტენციასთან, რომელიც უნდა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენს წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა დოლიძემ.

ფორმალური, გასაუბრების პროცესში  მისი მონაწილეობაა.  რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს  დადის, შეიძლება, გასარუჯად, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკურსს ფორმალური უწოდა.

გვრიტიშვილი აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები  ყველა კანდიდატს  თანასწორად  ეპყრობიან და  თანაბარი სირთულის კითხვებს უსვამენ.

„ფორმალური მისი მონაწილეობა არის, მე თუ მკითხავთ. შერჩევითად უდგება ამა თუ იმ კანდიდატს. რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს დადის სატელევიზიო ეთერებში, დადის, შეიძლება, გასარუჯად და შემდგომ ამას ამართლებს, თითქოს, რაღაც  სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა, სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით, ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ ჩვენ, საზოგადოება ხედავს, თქვენც ხედავთ, ვმუშაობთ საათობით, დილიდან დაღამებამდე, ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად და კითხვები არის თანაბარი სირთულის. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმისდა მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით დაუსვამენ შეკითხვებს“, - განაცხადა  გვრიტიშვილმა.