დემნა გვასალიამ თავისივე დაფუძნებული Vetements-ი დატოვა

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მის მიერ დაფუძნებული ბრენდი Vetements-ი დატოვა, - ამის შესახებ wwd.com იუწყება.

"Vetements-ი ყოველთვის კრეატიული ხალხის ადგილი იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ბრენდის საზღვრების გაფართოებას და პატივისცემას იმ ფასეულობებისა, რომელიც ბრენდს გააჩნია. ის, რასაც დემნამ მიაღწია ბოლო რადენიმე წელში, წარმოადგენს საკვანძო ნაწილს Vetements-ის ისტორიაში. ძალიან მადლიერები ვართ დემნასი იმისთვის, რაც მან Vetements-ის განვითარებისთვის გააკეთა“, - განაცხადა დემნას ძმამ, გურამ გვასალიამ, რომელიც ციურიხში მდებარე მოდის სახლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

მედია საშუალების ინფორმაციით, ძმებ გვასალიებს სხვა დამატებითი განცხადება და კომენტარი საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. 

მედიის ცნობით, დემნა გვასალია აგრძელებს „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის მოვალეობის შესრულებას, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია პარიზში 29 სექტემბერს უნდა წარმოადგინოს. 

wwd იტყობინება, რომ 38 წლის გვასალიას წასვლა "მის მიერ სხვა მწვერვალების დაპყრობის სურვილით არის განპირობებული". 

"ეს ბრენდი იმის გამო შევქმენი, რომ არსებული მოდით კმაყოფილი არ ვიყავი. მოსაწყენი იყო ყველაფერი. Vetements-მა ყვეაფერი შეცვალა. ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე", - განაცხადა დიზაინერმა.