ცუდი იყო და გაკარგდება ? - პოლიტიკური ვნებები თამარ ალანიას ირგვლივ

„ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება, სამი შვილის დედა ვარ“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის შეკითხვას აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ თემაზე ალანიამ კანონმდებლობა და ევროპული საქართველოს მაგალითები განიხილა.

„ჩვენ ემბრიონს მივიჩნევთ თუ არა სიცოცხლის საწყისად და იცავს თუ არ ამას სიცოცხლის უფლება, გარანტირებული უფლება ადამიანის, ეს ჯერ ქვეყნებს შორის ამაზე არ არის კონსესუსი. არის ქვეყნები სადაც აკრძალულია, მაგრამ იჩენს ისეთი პრობლემები თავს, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს, კერძოდ ქალების უფლებას მათი ჯანმართელობის ან არჩევანის უფლების თვალსაზრისით. ასევე, ამ საკითხს უკავშირდება გაუპატიურების შედეგად იგივე არასრულწლოვანის დაფეხმძიმების ფაქტები როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ასეთ დროს. ესეც ძალიან სენსიტიურ მიდგომებთან არის კავშირში და ყველაზე მთავარი, სტრასგურგის სასამართლო ამ საქმეს ყოველთვის ქალის სასარგებლოდ წყვეტს“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.

შემდეგ კი, მას დეპუტატმა კითხვა გაუმეორა და დაუკონკრეტა, თუ პირადად რას ფიქრობდა აბორტის აკრძავის საკითზე.

„ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახა, სამი შვილის დედა ვარ“, - აღნიშნა ალანიამ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს მომსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას პარლამენტში იურიდიულ საკითთხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

კობერიძემ დეპუტატებს მოუწოდა პროცესი ყველა კანდიდატურის ჩაგდებით დასრულდეს.

 „თავის დროზე „ქართული ოცნების" მხრიდან იყო გაცემული დაპირება, რომ კლანისგან და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია და შემოვიდა აზრი, რომ ისინი კი იყვნენ „ცუდები", მაგრამ ახლა ხდებიან ან გახდებიან „კარგები". თქვენც ერთ-ერთი „ცუდი" იყავით და „კარგი" გახდებით?

მოსამართლეების იმ ათკაციანმა სიამ ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია, შეარყია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისედაც დაზიანებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ფაქტიურად შექმნა სასამართლო სისტემის რეპუტაციის შელახვის საშიშროება. თქვენ როდესაც ამ სიაში ჩაეწერეთ აცნობიერებდით ამ რისკებს? მმართველმა გუნდმა სერიოზული რყევები მიიღო ამის გამო და საზოგადოებაში წამოვიდა განცდა რომ ხდება ადეიშვილის სასამართლოს გახმოვანება... თქვენ ამ დროს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გქონდათ?

ქვეყნის კონკურენტუნარიოანობის რეიტინგი არის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი რეიტინგი და იგი განსაზღვრავს ქვეყანას რამდენად აქვს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უნარი. იქ ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის სასამართლოს ნდობა და რეპუტაცია, რეალურად გვაქვს პროცესი, რომელიც ასახავს რომ სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სწორედ იმ პროცესის მონაწილე ხართ რომელიც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას?

ქალბატონო თამარ, უკაცრავად, მაგრამ მე არ მჯერა რომ თქვენ "ცუდი" იყავით და ახლა "კარგი" გახდებით თუკი პარლამენტს მართლა უნდა პასუხისმგებლობის აღება სამართლიან სასამართლოზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე ქვეყანაში, მე ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ ეს პროცესი დასრულდეს ყველა კანდიდატის ჩაგდებით, რადგან ის რამოდენიმე კანდიდატი, რომელიც კათილსინდისიერი და კვალიფიცირებული მოსამართლეა, არის მონაწილენი იმ ცუდი პროცესისა, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩააბეტონებს სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს და ეს კლანი იქნება უკვე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისაგან ხელდასმული!“ - მიმართა კობერიძემ ალანიას.

მოგვიანებით კომიტეტის სხდომაზე კამათი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიამ ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებამ გამოიწვია, რომელმაც თამარ ალანიას ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?!

„ცხადია, ეს თქვა კანონმა“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.

რაზეც ბოკერიამ აღნიშნა, ალანიას განემარტა, თუ რა შუაში იყო კანონი და შეეძლო თუ არა ეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ამ დროს საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოქმედ მოსამართლეს ესაუბრებიან.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ მანამდე თამარ ალანიამ ღიად დააფიქსირა პოზიცია სხვა სახის დანაშაულებებზე. კერძოდ, თქვა, რომ ბავშვთა პორნოგრაფია და სერიული მკვლელობა მძიმე დანაშაულია, თუმცა თავი აარიდა ოკუპაციაზე საუბარს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იკავებდა ალანია ამ კითხვისგან თავს.

„ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან მიმართებაში არ არის საჭირო“, - მიმართა ალანიამ ბოკერიას.

 ბოკერიას დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ზედმეტი ემოცია ოკუპაციის გაპროტესტება, ალანია აღნიშნა, რომ: „დიახ, არ არის საჭირო. იმაზე აქცენტების გაკეთება“...

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.