კონტრაბანდული თამბაქო - დაკავებლია 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  11 ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება. დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7 დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.