ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის კურსზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიმდინარე წლის ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას ელოდება. ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს დეპუტატებმა მას ეროვნული ვალუტის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

"რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს? - ლარის კურსი მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ჩვენს მთავრობას აქვს ყოველდღიური კოორდინაცია და საკონსულტაციო შეხვედრები ეროვნულ ბანკთან. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვაკონტროლებთ, რომ დეფიციტი არ გაგვეზარდოს, დამატებითი დეფიციტი იმპორტში არ გადაიზარდოს და შემდეგ უკვე კურსს არ დააწვეს. ეს არის ჩვენს მხარეს ვალდებულებები და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა კაკაურიძემ და აქვე, ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებისთვის ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

"მე ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმაც საკმაოდ სწორი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რაც მოლოდინებზე გარკვეულწილად უკვე აისახა, თუმცა როცა გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკაში შევა, თუნდაც ის გამოთავისუფლებული რეზერვები, რაზეც სებ-მა უკვე განცხადება გააკეთა და 17 ოქტომბრიდან შედის სარეზერვო მოთხოვნებთან დაკავშირებით რეგულაცია ძალაში.

მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე და წლის ბოლო პერიოდში გამყარების ტრენდი უნდა გვქონდეს", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო მაცნეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანება გამოქვეყნდა, რომელიც ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით, 25%-მდე ამცირებს.

კობა გვენეტაძის ბრძანება 2 ოქტომბრით თარიღდება. შედეგად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 17 ოქტომბრიდან შემცირდება.

ავტორი:დავით ჯალაღონია (სტილი და პუნქტუაცია დაცულია).