პოლიციამ გ. მუხაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1937 წელს დაბადებული ლ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გ. მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს - 1977 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო - შს სამინისტრო