პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ აიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე ალიევმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში."