"Georgian Airways"-ი რუსეთს მინიმუმ 25 მლნ დოლარს ედავება

ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მინიმუმ 25 მლნ დოლარს ედავება. 
რუსულ მხარესა და "Georgian Airways"-ს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აიკრძალა. 
"Georgian Airways"-ის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, სარჩელის მიზეზი ფრენების დაუსაბუთებელი შეწყვეტაა. მისი თქმით, რუსეთი მათ ორ საკითხზე ედავება, რომლებიც მისთვის სრულიად მიუღებელია. 
„ჩვენი ინიციატივა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მთავრობას კომპენსაციისათვის მიმართეს, რომელიც დაახლოებით, 3 მილიარდ რუბლს შეადგენს. რუსეთის მთავრობა განიხილავს კომპენსაცია გადაუხადოს რუსულ ავიაკომპანიას, რადგან მათ ფინანსური ზარალი რუსეთის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიიღეს. ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო იურისტებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შანსი წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია. ერთმანეთისგან უნდა გამოვკვეთოთ ორი დოკუმენტი. პირველი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაა, სადაც არ არის მოხსენიებული საქართველოს ავიახაზები და „ჯორჯიან ეარვეისი“ და მხოლოდ რუსეთის ავიახაზები და მათი ფრენის აკრძალვაა მოხსენიებული. მეორე სადავო საკითხი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტელეგრამაა, სადაც  ორ საკითხთან დაკავშირებით გვედავებიან და მათ საფუძველზე აგვიკრძალეს ფრენა. პირველი საკითხია, ვითომ და ჩვენ  800 ათასი დოლარის ოდენობით ვალი გვაქვს და მეორე, ჩვენი ფრენის უსაფრთხოების სტანდარტები არ შეესაბამება საერთაშორისოს, რაც ნამდვილად სასაცილოა, რადგან კომპანია 27 წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაფრინავს“-განაცხადა რომან ბოკერიამ.

გიორგი ჩაფიძე