ორბელიანების სასახლის ავეჯით აღჭურვილი ისტორიული ნაწილი საზოგადოებისათვის ღია იქნება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის სასახლის ფრანგული ავეჯით მოწყობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

,,ავეჯი, რომელიც შევიძინეთ განკუთვნილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს პრეზიდენტის პირად სამუშაო სივრცეს, აქ საერთაშორისო ვიზიტებისას ხდება მაღალი რანგის სტუმრების მიღება. ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიული იერსახის აღდგენას.

ვეცადეთ ეპოქა ყოფილიყო წარმოჩენილი. კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი მთლიანად შევიძინეთ საქართველოში, ოჯახებში. და ეს იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. მოგეხსენებათ ბოლო ათწლეულებია საქართველოდან სისტემატურად გაედინება კულტურული ფასეულობები უცხოეთში, რაც მნიშვნელოვნად იწვევს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაღარიბებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შესძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას,” - განაცხადა ნაცვლიშვილმა