ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორს ვაჭრობის განვითარებაზე, ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
 
"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენს ფუნქციას და როლს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავხადოთ მეტად ეფექტური. 

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა ეკონომიკა. აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონულ საკითხებს და შევთანხმდით, რომ სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს. 

შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. 

დიდი მადლობა ჩემს კოლეგას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის". 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და აღნიშნული ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.

„მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე რეგიონული მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

წყარო - საქართველოს პრემიერის პრესსამსახური