რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამათით კრიტიკულ განცხადებები ისმის. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეფასებით, ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა.

"ანაკლიის პროექტი რუსეთის სურვილით დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ეს გაფორმდება ოფიციალურად, ან არ არის გამორიცხული, მძაფრი რეაქცია, რომ არ მოჰყვეს საზოგადოების ან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რაღაც დროით მორიგი გადავადება მოჰყვეს".

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა და პროექტის განსახორციელებლად კონსორციუმის და ინვესტორების მხრიდან ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

"სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, რომლისთვისაც სახელმწიფომ რესურსი გამოჰყო. აქ არის საუბარი სუბორდინირებულ სესხზე, აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მისამართით, დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულებები".

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 15 ოქტომბრამდე ორი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი. კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ახალი ინვესტორები უკვე ჰყავთ. საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთაგან ერთი ყაზახური "Meridian Capital Limited"-ია, ხოლო მეორე კომპანია კი ჰოლანდიური "Van Oord​"-ი.